ჩვენს შესახებ

1998 წელს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დაარსდა სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნო,რომელსაც შექმნის პირველი დღიდან დღემდე უცვლელად ხელმძღვანელობს, ხელოვნებადმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ფაფერაშვილი. მას სამამულო და საზღვარგარეთის ტელევიზიებში მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს.

სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნოს სტუდენტებისათვის, პროფესიული მომზადების მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, სასწავლო პროგრამა იმთავითვე განისაზღვრა როგორც, ერთის მხრივ-პრაქტიკული, საშემსრულებლო უნარ-ჩვევების ათვისება, ხოლო მეორეს მხრივ-ღრმა თეორიული ცოდნის შეძენა. შესაბამისად, ჟანრი რომელშიც ხდება სტუდენტის პროფესიული დაოსტატება, განისაზღვრა სატელევიზიო პუბლიცისტიკით და დოკუმენტური ფილმებით. სატელევიზიო შემოქმედების ეს სფერო მოითხოვს აქტუალური პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ძირეულ ცოდნას, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების წარმოჩენას და სათანადო ანალიზს. ამდენად, სტუდენტები ეუფლებიან თანამედროვე ტელეჟურნალისტიკის როგორც იდეურ-იდეოლოგიური პრეფერენციების თავისებურებებს, ასევე საკუთარი ტელეპროქტების თანამედროვე ფორმით წარმოჩენას, სათანადო ვიზუალური რიგით, ხმოვანი და ელექტრონული სპეცეფექტების გამოყენებით; ამისათვის სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნო აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.

შემოქმედებითი ტელესახელოსნოს პროფესიათა ჩამონათვალში წარმოდგენილნი არიან ტელეჟურნალისტი-ანალიტიკოსები, ტელერეჟისორები, ტელეოპერატორები, ავტორ-ოპერატორები, ციფრული მონტაჟის და ელექტრონული სპეცეფერტების სპეციალისტები.

შემოქმედებითი სახელოსნოს 15 წლიანი სასწავლო პროცესის ეფექტურობაზე უდაოდ მეტყველებს სახელოსნოს ყოფილი სტუდენტების წარმატებული მუშაობა სხვა და სხვა მედიასაშუალებებში: მიშა ფეიქრიშვილი-ჟურნალისტი, ტელეკომპანია ”იმედი”, სოსო კაციტაძე-ტელეწამყვანი,”იმედი”, რიტა ყაველაშვილი-ჟურნალისტი, ”იმედი”, დავით აბრამიშვილი-ჟურნალისტი, ტელეკომპანია “რუსთავი-2”, თემურ გოგელაშვილი-ტელეოპერატორი, ”რუსთავი-2”, გიორგი ბერელიძე დამდგმელი ოპერატორი, ”კომედი არხი” ალექსანდრე იაკობაშვილი, ტელეოპერატორი, სტუდია ”ფორმულა კრეატივი”, ანი მამულაშვილი-წამყვანი, ტელეკომპანია, ”GDS” გიორგი ახვლედიანი-მონტაჟის და ელექტრონული სპეცეფექტების სპეციალისტი, ინტერნეტ ტელევიზია ”არტარეა”, თამარ გოგესაშვილი-ტელეჟურნალისტი ”1არხი”, ალექსანდრე ქორიძე-რეჟისორი, დოკუმენტური და მუსიკალური ფილმების ავტორი.

აღსანიშნავია ისიც რომ, თეიმურაზ ფაფერაშვილის შემოქმედებითი სახელოსნოს ყოფილი და დღევანდელი სტუდენტები წარმატებით მონაწილეობენ სატელევიზიო ფესტივალებზე და მიღებული აქვთ მაღალი ჯილდოები და პრიზები. უნივერსიტეტის რექტორის ბ-ნ მამუკა თავხელიძის თქმით: ”დიდი ბედნიერებაა შეესწრო შენი აღზდილების წარმატებას და დარწმუნდე, რომ შენ სიყვარულს, მონდომებას და შრომას უქმად არ ჩაუვლია. იმედი მაქვს სახელოსნოს შეგირდები კვლავაც ასეთი გამორჩეულები იქნებიან”.